ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. მისი ფართობი შეადგენს – 676,35 კვ.კმ-ს. ჰავა სუბტროპიკული ზღვის, საშუალო წლიური ტემპერატურა 12-14 c. მუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი, 4 დაბა და 70 სოფელი. ქალაქი ოზურგეთი თბილისიდან დაშორებულია 325 კმ.-ით, ბათუმიდან – 60კმ-ით, ფოთიდან – 45 კმ-ით, ხოლო ქუთაისიდან – 90 კმ-ით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ერთი გუბურა, ასევე ჩამოედინება 13 მდინარე საერთო სიგრძით 368 კმ. ოზურგეთი ხასიათდება მიწისძვრების მნიშვნელოვანი რისკით და ძირითადად მოქცეულია 5-6 ბალიან ზონაში, გამოვლენილია უამრავი მეწყერი და მეწყერთა ჯგუფები, რომლებიც ზიანს აყენებენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა (ქალაქ ოზურგეთის გამოკლებით, სადაც მხოლოდ 2002 წლის აღწერის მონაცემი გვაქვს) 2002-2005 წლებში შეიძლება ითქვას რომ არის სტაბილური, ის მომატებულია 9,5%-ით და არსებული მონაცემებით შეადგენს 65739 ადამიანს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის 97,5% ქართველია, დანარჩენი სხვა ეროვნების მოქალაქეებია, რომელთაგან არცერთი არ წარმოადგენს რიცხობრივად მნიშვნელოვან ჯგუფს.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში შემცირდა როგორც დაბადებულთა (22,5%) ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა (47,1%). აღსანიშნავია რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს უახლოვდება გარდაცვლილთა რაოდენობის მკვეთრი შემცირების ხარჯზე. ნატურალურ გამოსახულებში დაბადებულთა რაოდეობა შემცირდა 174 ერთეულით, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 535 ერთეულით.
დაბადება – გარდაცვალების დინამიკა 2002-2006 წლებში
რაც შეეხება ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებს აქ, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, 2002-2006 წლებში ქორწინების მაჩვენებელი მომატებულია 79,7% რაც ნატურალურ გამოსახულებაში შეადგენს 130 ერთეულს, ხოლო განქორწინებათა მაჩვენებელი შემცირებულია 21,5%-ით რაც ნატურალურ გამოსახულებაში შეადგენს მხოლოდ 3 ერთეულს.
ქორწინება-განქორწინების დინამიკა 2002-2006 წლებში
სამწუხაროდ, არ არსებობს მონაცემები მუნიციპალიტეტში შიდა და გარე მიგრაციის შესახებ, ამდენად, ძნელია დანამდვილებით ითქვას რა არის მოსახლეობის რაოდენობის სტაბილურობის მიზეზი. ასევე, პრობლემატურია სამომავლო პროგნოზების გაკეთება ზრდა/კლების ტენდენციებთან დაკავშირებით.
მუნიციპალიტეტში დასაქმების კუთხით მოიპოვება საკმაოდ მწირი ინფორმაცია, შრომითი რესურსი მთლიანობაში შეადგენს 48000 ადამიანს, რაც მოსახლეობის 57%-ია, აქედან დაუსაქმებელთა რაოდენობა, დაახლოებით, 7,000, ანუ სამუშაო ძალის 15%.
დასაქმებულთა რიცხვში დიდი ხვედრითი წილი უჭირავს თვითდასაქმებულებს (71%), ეს არის ძირითადად სოფლების მოსახლეობა, ვისაც აქვს 1 ჰექტარი ან მეტი ფართის მიწის ნაკვეთი.
რაც შეეხება ბუნებრივ რესურსებს, მუნიციპალიტეტში შეიძლება მოიპოვებულ იქნას რკინა, ოქრო, ტრაქტი კერამიკისათვის, სამშენებლო ქვა, კერამიკული თიხა, ბენტონიტური თიხები, ტორფი. ასევე ჰიდრორესურსების წარმოების პოტენციალი გააჩნია მდინარეებს: სუფსას, ბახვისწყალს, აჭის წყალს, აგიდაყვას, ნატანებს და ბჟუჟას. მუნიციპალიტეტში არსებობს 2 ჰესი რომლებიც წლიურად გათვლილია 95,2კვ. ენერგიის გამომუშავებაზე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიწის მთლიანი ფონდი შეადგენს 67635 ჰა-ს, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართია 27905 ჰა (41,2 %). აქედან 16838 ჰა (60,3%) კერძო საკუთრების მიწაა, ხოლო დანარჩენი 11067 ჰა (39,7%) სახელმწიფო საკუთრებაშია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კერძო საკუთრებაში არსებული მიწების სტრუტურით, კერძოდ, სახნავი მიწის ფართია მხოლოდ 5080ჰა (კერძო საკუთრების მიწის 30,1%); მცირე ოდენობითაა საძოვარი და სათიბი, ძირითადი ნაწილი კი მრავალწლიან ნარგავებს უჭირავს, საიდანაც ყველაზე უფრო გავრცელებულია ჩაი - 5438 ჰა (კერძო საკუთრების მიწის 32,2%) და ციტრუსი – 2236 ჰა (13,2%). ნაკლებია ხეხილის ბაღები – 1088 ჰა (6,4%). მცირე რაოდენობით მოყავთ ტუნგო, თუთა და ყურძენი.
სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილია სახნავი მიწის 869ჰა, (სახელმწიფო საკუთრების მიწის 7,8 %), სამაგიეროდ დიდი რაოდენობით არის საძოვარი – 5876ჰა (53%), სათიბი – 377ჰა (3,4%). სახელმწიფო სექტორში მრავალწლიანი ნარგავებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩაი – 3296ჰა რაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის 29,7%-ია.
ოზურგეთი ძირითადად არის აგრარული მუნიციპალიტეტი. ბუნებრივი კლიმატი სასურველ პირობებს ქმნის, როგორც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების მოყვანისათვის, ასევე მეცხოველეობის განვითარებისათვის. მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების მხრივ 2004-2006 წლებში დიდი მატებაა შემდეგ სახეობებში: ხორცი – 126,6%; რძე – 96,8%; ბოსტნეული – 325,5%; კარტოფილი – 71%; ბაღჩეული – 300,6%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლების ტენდენციაა კვერცხთან (16,7%), ხილთან (29,3%) და განსაკუთრებით ჩაისთან მიმართებაში, რაც მიუხედავად მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შემადგენლობაში დაკავებული დიდი რაოდენობის ფართისა, იკლებს 53,3%-ით, რის მიზეზადაც შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ ჩაის ბაზარზე შეღწევა მოითხოვს დიდ ფინანსურ ინვესტიციებს, ხოლო მისი ამოძირკვა და სხვა კულტურებით ამ მიწების ჩანაცვლება ასევე დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც მოსახლეობას არ გააჩნია. აქედან გამომდინარე ეს მიწები ფაქტობრივად ეკონომიკურად არაეფექტურია.
მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის ძირითადი პროდუქციის ყველა სახეობაში 2005-2006 წლებში მატების ტენდენციაა, გარდა კვერცხის წარმოებისა, რაც განპირობებულია ფრინველის გრიპის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებთან. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიჩნეულ იქნა საშიშროების ზონად, რის გამოც ხელოვნურად იქნა შემცირებული შინაური ფრინველის და შესაბამისად კვერცხის რაოდენობა ასევე უარყოფითად იმოქმედა 2007 წლის ზაფხულში ღორის ცხელების ეპიდემიამ, რის შედეგადაც საგრძნობლად მოიკლო მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი საკვების წყარომ.
გურიის რეგიონში გამოვლენილი და რეგისტრირებულია 346-ზე მეტი მეწყერი და მეწყერთა ჯგუფი, რომლებიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ცალკეული მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთებს და საფრთხეს უქმნიან საცხოვრებელ სახლებსა და სამეურნეო ნაგებობებს. მთლიანობაში გურია მიეკუთვნება მეწყრული მოვნლენებით ძლიერი დაზიანების რეგიონს, სადაც ცალკეულ უბნებზე ტერიტორიის დაზიანების ხარისხი 50-70% შეადგენს.
საგრძნობი ზიანი მოაქვს მდინარეთა გვერდით ეროზიას, რის შედეგადაც ხდება საავტომობილო გზების, ხიდ-ბოგირების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზიანება-გარეცხვა. მდინარეთა ნაპირების გარეცხვა დაფიქსირებულია 60-მდე უბანზე.
საშიში გეოლოგიური პროცესების გავრცელების მიხედვით, რეგიონში გამოიყოფა რამოდენუმე განსაკუთრებულად დაძაბული უბანი, რომელთა ფარგლებში ძირითადად მოქცეულია შემდეგი დასახლებული პუნქტები: მთისპირი, ასკანა, ფამფალეთი, ეწერი, ბახვი, კონჭკათი, ხრიალეთი, შრომა, ნატანები, თხინვალი, მერია, ჯუმათი, სილაური, ძიმითი, ნაღობილევი, გურიანთა, ხვარბეთი, ბაილეთი, ახალსოფელი, ნასაკირალი, მელექედური, ნაგომარი, ოზურგეთი, დვაბზუ, ცხემლისხიდი, ვაკიჯვარი, უკანავა, შემოქმედი, წითელმიწა, მაკვანეთი, ლიხაური, ჭანიეთი.
სულ მუნიციპალიტეტში 1980-1998 წლებში გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაშია მოქცეული 31 დასახელების პუნქტი, პროცესების მეტ-ნაკლები საშიშროების არეალშია მოქცეული სახნავ-სათესის, მრავალწლიანი ნარგავების, საკარმიდამო ნაკვეთების და სხვა სახის სავარგულების მნიშვნელოვანი ფართობები.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ოზურგეთში საშიში გეოლოგიური პროცესებისგან ძლიერ დაზიანდა (ან მთლიანად დაინგრა) 200-მდე საცხოვრებელი სახლი, საშუალოდ ან სუსტად 3000-მდე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა, რომელთა მდგრადობის შესანარჩუნებლად საჭირო გახდა პროფილაქტიკური და აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.
ამჟამად საშიში გეოლოგიური პროცესების მოქმედების არეალში იმყოფება მთელი რიგი საინჟინრო-სამეურნეო ნაგებობებისა და ოზურგეთი-ძიმითი-ლაჩხუთის საავტომობილო გზის ცალკეული მონაკვეთები, რომელთა ჯამური სიგრძე 25 კილომეტრამდეა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საშიში გეოლოგიური პროცესებიდან ძირითადი ზიანის მომტანია მეწყერები. 1999 წლისათვის გამოვლენილი და რეგისტრირებულია 101 მსხვილი მეწყრული სხეული. ისინი ძირითადად ლოკალიზებულია სოფ. მთისპირის, ასკანის, მშვოდობაურის, ფამფალეთის, შრომის, ნატანების, თხინვალის, კონჭკათის, მერიის ბაილეთის, ახალსოფლის მიდამოებში.
გარდა მეწყრული პროცესებისა მუნიციპალიტეტისათვის საგრძნობი ზიანი მოაქვს მდინარეთა ნაპირების გარეცხვას და დატბორვას, რაც გვხვდება მდინარეების ნატანების, ბჟუჟის, აჭისწყლის, ბახვისწყლის, სუფსის, ჭახვათას, ბოგილას, სეფას, სკურდუმის და სესკურას ხეობებში და მათ ჭალებში.
მუნიციპალიტეტში 54 საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლებშიც მთლიანობაში სწავლობს 10754 მოსწავლე და სტუდენტი, მათ განათლებაზე ზრუნავს 1267 მასწავლებელი.